logo
ENG



ნიჟარაძე: ოცნება ჩვენს შედეგებს [ოპოზიციასთან] შეხვედრისას პირობების წასაყენებლად იყენებდა

14 დეკ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

ორგანიზაცია ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე განმარტავს, რომ ისინი გეგმავდნენ ანგარიშის სახით გაესაჯაროვებინათ აღმოჩენილი ხარვეზი. ფორმულასთან საუბარში იგი, ასევე ამბობს, რომ მოვლენების განვითარება ქართული ოცნების ქმედებამ შეცვალა. მისი ცნობით, მმართველი პარტია მათ შედეგებს [ოპოზიციასთან] შეხვედრისას პირობების წასაყენებლად იყენებდა.

"ჩვენ ორგანიზაციაში ჩავატარეთ აუდიტი, რასაც ვახორციელებთ ხოლმე მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ. ამ აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვავლინეთ, რომ ადგილი ჰქონდა ხარვეზს ჩვენს პროგრამაში, არასწორად იქნა დათვლილი სუბიექტების შედეგები, ვინაიდან, ფორმულაში შეტანილი იქნა ბათილი ბიულეტენები. 

როცა აუდიტი დასრულდა და სრულყოფილად იქნა მონაცემების შესწორება, საზოგადოებისთვის უნდა მიგვეწოდებინა სრულყოფილი ინფორმაცია. ამას ვგეგმავდით, რომ გაგვეკეთებინა ანგარიშის სახით, მომხდარიყო დაინტერესებულ მხარეებთან განხილვა, მედიისთვის წარდგენა. ისე განვითარდა მოვლენები, აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება მოლაპარაკებებისას მანიპულაციურად იყენებდა ამ ინფორმაციას - თან ამბობდნენ რომ იცოდნენ რაღაც შეცდომა იყო დაშვებული და მაინც, ჩვენს შედეგებს იყენებდნენ თურმე რაღაც პირობების წასაყენებლად მოლაპარაკებების პროცესში, რომელაც ესწრებოდა არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ელჩებიც. 

როდესაც მივიღეთ ეს ინფორმაცია, დღის წესრიგში დადგა ის, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოგვექვეყნებინა, რათა ხელი არ შეგვეწყო ქართული ოცნების ამ რაღაც წარმოუდგენელი კამპანიისთვის", - განმარტავს ელენე ნიჟარაძე. 

11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.


close დახურვა